
„საქართველოს ბანკმა“ და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს წამყვანი ბანკი, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი-საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობით, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს სპორტის განვითარებას ქვეყანაში და ქართველი სპორტსმენების კიდევ უფრო მეტ წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენთვის პატივია, გვქონდეს უფლება, მხარი დავუჭიროთ და წვლილი შევიტანოთ ქართველი სპორტსმენების განვითარებასა და წარმატებაში, მათი წარმატება კი სწორედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა მსოფლიო ასპარეზზე“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გენერალური სპონსორობის შესახებ მემორანდუმი სწორედ საქართველოს ბანკთან გააფორმა.
„ჩვენ ვახორციელებთ მეტად საინტერესო პროექტებს ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გენერალური სპონსორის მხარდაჭერა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და ერთობლივი ძალებით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ“,-აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
საქართველოს ბანკის და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ურთიერთანამშრომლობის შედეგად, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებას, რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა.
„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია (საბაზრო წილი 33.3%) სესხებისა (საბაზრო წილი 31.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.5%) მიხედვით (2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკის მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით,“საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა 2.3 მილიონ კლიენტს 278 სერვისცენტრის, 829 ბანკომატისა და 2, 823 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ კონფერენციაზე დაარსდა, რომელსაც 337 დელეგატი ესწრებოდა. სეოკ-ს აქვს განსაკუთრებული უფლება, საქართველო წარადგინოს ოლიმპიურ თამაშებზე და სეოკ-ის სხვა შეჯიბერებებზე. იგი ადგენს და ხელმძღვანელობს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციებს, მონაწილეობს ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამებში. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით და მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას ქვეყანაში.
(R)
Share